Donnerstag, 27. Februar 2014

ჩეჩნების დეპორტაციის 70 წლისთავი ბრიუსელში

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ ლიბერალში: 
შემოკლებული ვერსიით "კახეთის ხმა" -ში: http://kakhetinews.ge/ge/voice-of-kakheti/news/cecnebis-deportaciis-70-wlistavi-briuselsi

მარიკა ლაფაური
“თუ გინდა რომ ტკბილი იყოს, თავად უნდა დაუმატო შაქარი” (ზიავდი ბელოევის მიერ 22 თებერვალს ბრიუსელში კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვიდან).

1944 წლის იანვრის ბოლოს სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩეჩნებისა და ინგუშების ცენტრალურ აზიაში გადასახლებისათვის ოფიციალური განაცხადით 14 200 ვაგონი და 1000 პლატფორმა გამოითხოვეს. 70 წლის წინ, 23 თებერვალს გერმანელებთან კოლაბორაციის ბრალდებით ჩეჩნებისა და ინგუშების იძულებით გადაასახლება დაიწყო. ისინი გროზნოდან 159 ეშელონით გაიყვანეს.  
2004 წლის 27 თებერვალს 1944 წლის დეპორტაცია გაერომ ბრიუსელში, ჰააგის საერთაშორისო კონვენციის მიხედვით გენოციდად შეაფასა.
 “1944 წლის 23 თებერვალი მსოფლიო ისტორიაში სისხლიანი ასოებით ჩაწერილი გენოციდის დღეა. ჩეჩენი და ინგუში ხალხის ეს ჭრილობა მოუშუშებელია და მათი გლოვა უსაზღვრო. (…) დარდი არ გაქრება, მაგრამ ის ამ ხალხის საკუთარ წიაღშივე გარდაიქმნება იმ ძალად და სასიცოცხლო წყაროდ, რომელიც ერის განახლების სიმბოლოდ იქცევა. ძვირფასო დებო და ძმებო! მიიღეთ ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობისა და ჩემი პირადი თანაგრძნობა 1944 წლის 23 თებერვლის მსხვერპლთა ხსოვნისათვის”. - წერდა 1991 წლის 21 თებერვალს ზვიად გამსახურდია. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ორად გაყოფილი უკრაინის აქტუალური მოვლენების გამო, რწმენასა და რელიგიის ინსცენირებებს შორის თავგზააბნეული ვერ ნახულობს ვერც ერთ სიტყვას, ამ თარიღის გახსენებისათვის. წინა ხელისუფლების მიერ ცარიელ ლოზუნგებად გამოყენებულ იდეებს, მათ შორის კავკასიურს, როგორც ვნახეთ საზოგადოების ცნობიერებაში მხოლოდ ნიჰილზმის გაძლიერება მოჰყვა. საზოგადოებრივი აზრის განვითარებისთვის მხოლოდ მდარე ხარისხის პროპაგანდის გამომეტებამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შემოქმედებითი ძალების დაშლა გამოიწვია. კავკასიური თემა ბოლო ხანებში არსად ფიგურირებს. დიგიტალური ეპოქა საქართველოსთვის ჯერჯერობით სოციალურ ქსელებში გამართული დამახინჯებული კომუნიკაციაა, რომელსაც არა და არ სურს საკუთარი საქმის კეთება. საკუთარი განსაკუთრებულობა, როდესაც მას შეუძლია “ჰაფიზის ვარდის პრუდონის ვაზაში ჩარგვა”, სულ უფრო ფერკმთალდება. საქართველო ტიციან ტაბიძისეული ამ სტრიქონით გადმოცემული უნარით ევროპის ის ნაწილია, რომელმაც აღმოსავლეთის და დასავლეთის გასაერთიანებლად  მსოფლიო თანამეგობრობაში  ჰუმანური წვლილის შეტანა უნდა შეძლოს.
საქართველოს მხრიდან კავკასიური იდეის დათმობა ან იგნორირება, მის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 
ევროპა არც გეოგრაფიაა და არც რომელიმე დადგენილი საზღვარი. ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისთვის საჭიროა მუდმივი ძალისხმევა, გამოწვევებისათვის თვალის გასწორება, იმ ფუნდამენტის შექმნა, სადაც საკუთარი ისტორიითა და ტრადიციით მსოფლიო საზოგადოებას თავის წილ თანამედროვე ცნობიერებით შემუშავებულ მოდელებს შესთავაზებს. ასეთი გლობალური მოდელები კავკასიაში, მიუხედავად ყველა სასტიკი ისტორიის ფურცლისა, მაინც არსებობს. მას მხოლოდ, როგორც თუშეთში იტყვიან, “გულ გონ დააყოლ” და ყველა ჯანსაღად გადარჩენილ თემების ერთად თავმოყრა უნდა.
საკუთარი შესაძლებლობების, შეცდომებისა და ღირებულებების გადახედვასაც ეხებოდა ახლახან, 21-23 თებერვალს, ბრიუსელში ჩატარებული, ჩეჩნეთის დიასპორის მიერ ორგანიზირებული “საერთაშორისო გლოვის დღე”, რომელსაც იჩქერიის დევნილი მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ჩეჩნური ემიგრაციის წარმომადგენლები და მხარდამჭერი ევროპელი სტუმრები ესწრებოდნენ.22 თებერვალს კონფერენცია ჩატარდა, 23-ში კი ბრიუსელის ცენტში დემონსტრაცია გაიმართა. კონფერენციის ლაიტმოტივი, ფორმულირებული ახმედ ზაკაევის მიერ, - “ჩვენი პირადი წყენებისა და ამბიციების მიღმა, უნდა გავერთიანდეთ სამშობლოსათვის და გადავწყვიტოთ ის ისტორიული მოცემულობები, რა გამოწვევებიც დრომ და გარემოებებმა ჩვენს ხალხს მოუტანა”,- ყველა გამომსვლმა გაიზიარა.
დეპორტაციის 70 წლისთავს ეძღვნება ჩეჩენი პუბლიცისტის, მაირბეკ ტამაროვოს ახლადგამოცემული წიგნი - “არაფერი არაა დავიწყებული”, რომელშიც თავმოყრილია დეპორტაციის ორიგინალი დოკუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მასალები დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომია, ამით წიგნის ღირებულება ოდნავადაც არ კნინდება.დეპორტაციის მოსამზადებელ დოკუმენტაციაში დაწვრილებითაა აღწერილი, თუ რა სამშენებლო მასალა თუ ტექნიკაა საჭირო, რომ მოსახლეობა ყველა სოფლიდან გამოიყვანონ. დიდი სიზუსტითაა აღწერილია მარშრუტები, გზების მდგომარეობა. მითითებულია ოპერაციის ჩატარების ყველა დეტალი. ქვეთავებად დაყოფილ დოკუმენტებში მითითებულია, მაგალითად, რომ: ჩეჩენი ან ინგუში ქალები, რომლებიც რუსი ეროვნების მამაკაცთან არიან ქორწინებაში, არ ექვემდებარებიან გადასახლებას, ხოლო რუსი ეროვნების ქალები განქორწინების უფლებით გადასასახლებელთა სიაში არიან. (საქაღალდე 52-13. გრიფი საიდუმლო)
ბრძანებაში (N116-102), რომელიც პუბლიკაციას არ ექვემდებარებოდა, გაწერილია გადასახლების შემდეგ ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლიკვიდაციის გეგმა; სად უნდა გავლებულიყო ახალი საზღვრები, რის მიხედვითაც მისი ნაწილები ჩრდილოეთ ოსეთსა და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს შეუერთდებოდა. ჩამოთვლილია იმ რელიგიური პირების სია, მოკლე დახასიათებითა და დისკრედიტიციისთვის შემცველი ინფორმაციით, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში, გადასახლების ოპერაციისას ავტორიტეტებად გამოიყენებდნენ.
შემონახულია 1941 წლის 10 ნოემბრის მიმოწერა ნკვდ-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი)ადგილობრივ ხელმძღვანელ ტერლოევსა და აგენტ ალბოგაჩიევს შორის, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა პროვოკაციის შემცველია - ისინი ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის მოპოვების მიზნით წინასწარ თანხმდებიან ერთმანეთის სახლის დაწვაზე და სხვა “მტრობაზე”. ეს ყველაფერი კარგად გამოცდილი მეთოდებია, რომელთა პრაქტიკაში გამოყენება საქართველოშიც კი დღემდე შეინიშნება.ლავრენტი ბერია, რომელიც 1944 წლის 17 თებერვალს გადასახლებას პირადად ხელმძღვანელობდა, სტალინს დაშიფრული დეპეშით აცნობებდა მდგომარეობას, სადაც იმედოვნებდა, რომ 300 ათასი ადამიანის გასახლებას რვა დღე უნდა დასჭირდებოდა;(მთლიანად 702 ათასი ადამიანი გადაასახლეს. ავტ.) 23 თებერვალს კი წინააღმდეგობის გაწევის გამო 842 დაპატიმრების შესახებ იტყობინებოდა. მომდევნო დეპეშაში  კვირის თავზე, 29 თებერვალს, ეს ციფრი 2016-მდე გაიზარდა.
გადასახლებაში უვადო იყო, დაბრუნების უფლების გარეშე.(ბრძანება 26.11.1948) ადგილის დატოვების მცდლობა 20-წლიანი კატორღით ისჯებოდა, ხოლო გადასახლებულ პირთა დახმარება 5-წლიანი პატიმრობით.
რუსულ კაბინეტებში კავკასიელების გადასახლების და მათი გზაში განადგურების სხვა სცენარებიც განიხილებოდა.რუსეთის მხრიდან წლების მანძილზე დოკუმენტაციის სისტემატური განადგურებისა და ციფრებით მანიპულაციის მიუხედავად, ჩრდილო კავკასიელების მიმართ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი საკმარისი დოკუმენტაცია არსებობს. 27 თებერვალს მხოლოდ ერთ სოფელში, ხაიბახში, 750 ადამიანი ცოცხლად დაწვეს, რომელთა შორის უხუცესი ტუტა გაევი 110 წლის იყო და ყველაზე უმცროსი მისი შთამომავალები რამდენიმე საათის წინ დაბადებული ტყუპები ჰასან და ჰუსეინ გაევები. ტბაში დახრჩობა, დასახიჩრება, წამებით სიკვდილი იმდენად სასტიკი იყო, რომ ავტორის შეკითხვას, - “…რატომ იქცევიან ასე? რა არ ჰყოფნით მათ?...”- პასუხი ალბათ ვერასოდეს ვერ გაეცემა.
რუსეთის დამოკიდებულება კავკასიელების მიმართ მათი კავკასიაში გამოჩენის დროიდან დღემდე უცვლელია და ყველა პოლიტიკურ წყობაში დეკაბრისტი პაველ პესტელის მიერ “რუსკაია პრავდა”-ში ჩამოყალიბებული პროგრამის იდენტურია. თავ “უცხოელებში” ის მიუთითებს კავკასიაზე და წერს: "иностранные российские подданные" должны быть уничтожены;“ და ა.შ. აღწერს რა განადგურების სხვადასხვა დეტალებს.
საინტერესოა, რომ რუსეთის დღევანდელ საგანმანათლებლო პროგრამებში, მართალია, პესტელის წინააღმდეგობრივი ფიგურა განხილულია, მაგრამ ის რუსული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან იდეოლოგად მიიჩნევა.
1998 წელს ნ. ნუგაისა და ა. გონონვის ავტორობით გამოცემულ “კვლევებში” მთელი რიგი დოკუმენტაციის უგულველყოფით 1944 წელს განხორციელებული გენოციდი განმტკიცებულია არგუმენტით, რომ სახელმწიფო “...базировалось на праве наведения должного порядка в тылу».   განსაკუთრებით შემზარავია საკვების მოწამვლის შესახებ არსებული დოკუმენტები. ეს მასალები საარქივო ფონდიდან - 9478, საქმე N1375, 1949 წ. - პირველად 1995 წლის კრაკოვის კონფრენციაზე პროფესორ ივან ბილასის მიერ იქნა წარმოდგენილი. გამოცარიელებულ სოფლებში დარჩენილი მოსახლეობისათვის შეჰქონდათ მოწამლული საკვები პროდუქტები. მალე დამშეული ადამიანებისათვის ცხადი გახდა, რომ ამ პროდუქტების გამოყენება არ შეიძლებოდა. უფრო საყურადღებოა გადასახლებაში, გეტოებში გამომწყვდეული კავკასიელების საკვებით მოწამვლის სისტემატური მეთოდი. მათ ურიგდებოდათ სპეციალურმინარევებიანი საკვები, რომლებშიც პროდუქტის მიხედვით მინარევების რაოდენობა იყო განსაზღვრული. შედგენილია რეცეპტები და მას ცინიკურად “подкормливание” ჰქვია. ეს საკვები დოკუმენტების მიხედვით სულ ცოტა 1949 წლამდე პრაქტიკაში იყო. სავარაუდოდ, ამ გაუგონარი დანაშაულის მიზანი ექსპერიმენტების ჩატარება იყო. გარეგნულად ჯანმრთელი ჩეჩნების უეცარი მასიური სიკვდილიანობა სწორედ ამ მოწამვლების შედეგია. ბრიუსელში ჩატარებული შეხვედრები, რომელიც ახმედ ზაკაევის მონაწილეობით მიმდინარეობდა, წარმოადგენს გადამტერებულ ჯგუფებად დაყოფილი ჩეჩნების ერთ-ერთ ფრთას. მიუხედავად იმისა, რომ თავად მონაწილეებისთვისაც ნათელია, რომ ისინი ერთადერთ ძალას არ წარმოადგენენ, ზაკაევის, როგორც მთავრობის მეთაურის სტატუსის არსებობა, მათ გარკვეულ ლეგიტიმაციას ანიჭებს. ზაკაევის სიტყვები - “კავკასიაში არ გვჭირდება ისლამური სახელმწიფო, ეს სახიფათოა” - უკლებლივ ყველა გამომსვლელმა გაიმეორა. აღნიშნული იყო, რომ მმართველ ორგანოში და ახალი ეროვნული საბჭოს შემაგდენლობაში ისურვებენ ქალების მონაწილეობას, ხაზგასმული იყო ინტეგრირების სურვილი და ხელშეწყობა ახალგაზრდებისათვის განათლების მისაღებად. ასევე, ისეთი თემების მოძიება, რითაც მათ ევროპის დაინტერესება შეუძლიათ. მიუხედავად ევროპელი ჩეჩნების პროგრესული ხედვებისა, რჩება კითხვა, თუ რატომ წერს, მაგალითად, ისეთი ცნობილი მეცნიერი, სამართლის სპეციალისტი პროფესორი ოტო ლუხტენჰანდტი ჩეჩნების შესახებ მხოლოდ ნეგატიურ კვლევებს, სადაც, ეყრდნობა რა რუსულ წყაროებს, მხოლოდ “შარიას კანონებს” და “ისლამიზმს” ხედავს. ის იგნორირებას უკეთებს დადებით იმპულსებს და ბეჯითად ნერგავს სტერეოტიპებს. პროფესორი ლუხტენჰანდტი გერმანულენოვანი მედიისა და აღმოსავლეთ ევროპის თემებზე სხვადასხვა კონფერენციების ხშირი სტუმარია. სხვათა შორის ეს ის ლუხტენჰანდტია, რომლისთვისაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა საკამათო საგანი დიდი ხანია აღარ არის. ის ტალიავინის კომისიის წევრი იყო და ჰამბურგის უნივერსიტეტში აფხაზეთისთვის, როგორც ქვეყნისთვის ცალკე საბიბლიოთეკო კატალოგი აქვს შექმნილი. (ეს უკანასკნელი ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ გააუქმეს. ავტ.)დაბოლოს, სიმბოლური იყო ჩეჩნების სამგლოვიარო მიტინგი ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე. უმეტესობა მამკაცებისა მზიან ამინდში ფაფახებით მოსულნი, ნახევრად წრეში მლოცველნი, ისინი თითქოს რეალურისა და არარეალურის ზღვარზე იმყოფებოდნენ. გამვლელები ზოგი ინტერესით, ხშირად გულითადი მიმიკით ცოტა ხნით ჩერდებოდნენ მათ დანახვაზე. ევროპის ერთ-ერთი მეტროპოლიის მოედანზე ღირსებით სავსე ჩეჩნებს შევცქეროდი და ვფიქრობდი, რომ სწორედ ასეთი ევროპა მომწონს - მოდერნული და შემონახული ევროპულობის სათავეები, ამ დიაპაზონის თაღით, ერთად თავმოყრილი, ერთმანეთის გვერდით. დედამიწის შემორჩენილი კულტურებისა და ეკოლოგიის დაცვა არის ის გზა, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ბოლოსდაბოლოს გაიყვანდა მე-19 საუკუნის სააზროვნო სივრციდან.
21-ე საუკუნე პირველ რიგში კულტურის პოლიტიკაა, რომელსაც თავისი ტოპოსი სჭირდება.

24. თებერვალი 2014

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen