Samstag, 10. August 2013

არის თუ არა გალავანი-ც - ღობე?


პატარა წერილი არავის, ღობეებისა და მათი საჭიროების შესახებ
ვიცი, რაც მაქვს სათქმელიც და დასაწერიც. საკმაოდ ადვილად მოსაყოლი ისტორიაა. მაგრამ რა გინდა რომ ქნა?! სიტყვები ურჩობენ! რამოდენიმე სიტყვა უკვე წავშალე, მიუხედავად მათი სისწორისა და ჩემი კარგად თუ ავად, სკოლის დონეზე ნასწავლი ქართული გრამატიკისა, ნახევარი ცხოვრების ემიგრაციის მიუხედავად, - ჯერ კიდევ ასე თუ ისე შენარჩუნებული ქართული ენისა.
მაინც რა წინაღობებია ამდენი, რომ სიტყვები ასრე რიგად დაავადნენ და თუ ძალიან არ დაუკვირდი, წინადადებაშიც, კონტექსტშიც ურჩად ელფერს იცვლიან. რაღაცა უცნაურად გენმოდიფიცირებულევით არიან: ნემსები აქვთ ისეთი გაკეთებული, მედიისაგან, ექსპერტებისაგან, სოციალური ქსელებისაგან, ყოველდღიურად ქუჩაში, მანქანით მგზავრობისას,  - ისე დაჩხვლეტილნი, რომ ბევრ სიტყვას ვეღარც გამოიყენებ. დაფაცხავებულნი, გასაცოდავებულნი. უბრალო ამბის მოყოლა რთულდება. ბოლო ხანებში ისიც შევამჩნიე, რომ იძულებული ხარ, პლაკატურ, ბრტყელ პაროლამდე დაიყვანო სათქმელი. ამ დროს თუ სინდისშერჩენილი ადამიანი ხარ, თვალების გამომეტყველებით ცოტა მაინც შეგიძლია შეავსო სათქმელი და ასე გადასცე თანამოსაუბრეს. ამ დროს თუ თანამომსაუბრეც სინდისშერჩენილია, ხვდება მდგომარეობის სირთულეს და ცდილობს სათქმელის მიღმა შრეების ერთბაშად დანახვას. ბოლო დროს ასეთი მომენტები განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. ამ დროს ვგრძნობ ხოლმე, რომ სადღაც სიღრმეში, ამდენ ლაფდასხმული და შეუცნობამდე ქცეულ სივრცეში, სამშობლო მაინც უნდა არსებობდეს. იქნებ, იყოს შესაძლებელი მისი შენარჩუნება? თურმე სიტყვა ყოფილა სამშობლო. არა მარტო სამშობლო, სამყარო და ყველაფერი! ეს ხომ სხვადასხვა წიგნებშიც წერია, მაგრამ მაინც ასეთი ინტენსიურობით ეს ფენომენი ადრე არ წარმომედგინა. ბგერები, ასოები, სიტყვები, - არის თავი და ბოლო. თავი და ბოლო კი შეგიძლია წრიულად ერთად მიიყვანო და გამოდის მთელი. აი ესაა, მთელი ჩემი გეომეტრიის ცოდნა. ვისაც უნდა,- ჩაეღიმოს ირონიულად. აქ მთელი რიგი ამბებია და პროცესები, მაგრამ მათ აღწერას არ შევუდგები. ყველაფერი წერია წიგნებში. რაც არ აღმომიჩენია, - გავიხედავ და უკვე სადმე წერია თურმე.
ბოლო ხანებია ვმუშაობ ერთ პროექტზე. (აი დააკვირდით, თუ არაა აქ ახლა უცნაურად გაჟღერებული სიტყვა “პროექტი” და სიტყვა “ვმუშაობ”. …… აი, შეამჩნიეთ, რომ სიტყვა “გაჟღერებულიც” რაღაც ვერაა კარგად?.. ასე გაჭირვებით, მაგრამ როგორმე ერთი პატარა დეტალის მოყოლა მსურს და ვეცდები აღარ შევრჩერდე ხოლმე დაავადებული სიტყვების შეხვედრის დროს. გთხოვთ, როგორმე დაინახოთ ეს რთული მდგომარეობა და არათუ ფხიზლად ადევნოთ თვალი, თუ ამას კითხულობთ, არამედ მოიხმოთ მთელი თქვენი კეთილგანწყობა (უჰ, ა, კიდო!...), აღქმის უნარი და ნიჭი.) პროექტი ეხება სოფლის რევიტალიზაციას და ჩემდა ჭირად აგებულია კომპლექსურ (!! ჰაჰა!) ხედვაზე. საფუძვლად მას უდევს ბევრი ფიქრი და გამოცდილება, (!!) გენეტიკა (მამაჩემი!) და ბიოლოგია, (თუნდაც თუთა!) ასევე, ჩემი ცუდი ხასიათი, რომელიც ყველაფერს მუდამ ერთმანეთთან აკავშირებს. (ამ უკანასკნელზე, მართალია გვიან, მაგრამ გადავწყვიტე მჭიდროდ და მხოლოდ საკუთარი სხეულის საზღვრები დაიცვას. აი ეს ზემოთ ხსენებული პროექტი ამ მეცადინეობაში კარგად მეხმარება და დიდი იმედი მაქვს, რომ სიკვდილამდე ამას მოვახერხებ).
ე.ი.,  ვაგრძელებ: - პროექტის ერთერთი ნაწილია ორი პატარა ისტორიული ძეგლის რესტავრაცია (ეს ორი პატარა და ასე შემდეგ სინამდვილეში ძაან გრძელია და ძაან დიდი, მაგრამ იძულებული ვარ ასე მოვიხსენიო), რომლებიც დასანგრევად იყვნენ ამდენი ხანი განწირულნი.
გამოვტოვებ მთელ რიგ ამბებს. როდესაც გავიგე, რომ პირველად გადაეცემა სოფელს განსასჯელად საკითხი, თუ რაში სურთ მათ პირველად მათთვის გამოყოფილი ფულის დახარჯვა და საამისოდ კრებაზე უნდა შეკრებილიყვნენ, - მეც სასწრაფოდ გზას გავუდექი ამ მნიშვნელოვან კრებაზე დასაწრებლად.
მთელი 800 კომლიანი სოფლიდან მოვიდა 36 ადამიანი. ფოტოებიც გადავიღე, ძალიან მხატვრული გამოვიდა. განსაკუთრებით მომწონს კედლების ის განსაკუთრებული მწვანე ფერი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა სოფლებში ხშირად შევხვედრივარ აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში. დიზაინერს რომ უნდოდეს, ასეთ ფერს ძნელად შეაზავებს. ლამაზია. 
კრება. მწვანე კედლები. ადამიანების ფოკუსში ყოფნა საჭირო არაა.
დამსწრენი ღელავდნენ და ისე იღელვეს, რომ გადაწყვეტილების ხმის მიცემის დროს მხოლოდ რამოდენიმეღა იყო ოთახში დარჩენილი.
აქაც გამოვტოვებ მთელ რიგ ამბებს. სურვილი იყო თანხის მცირე ნაწილი დახმარებოდა არსებულ და მიმდინარე პროექტს. (უკვე დაძიძგნილლსა და საცოდავს, იმას -ამასობაში) გადავხედეთ აღნიშნულ სიას, რომელიც იყო ერთგვარი სახელმძღვანელო, თუ რა მოთხოვნების ფარგლებში შეიძლებოდა მიღებულიყო გადაწყვეტილება. პროექტისათვის გვსურდა ხარაჩო, რომელიც შემდგომში სოფლის საკუთრება იქნებოდა. მე თუ მკითხავთ, სოფელს შემდგომში მისი კომერციული გამოყენებაც შეეძლებოდა. ხარაჩო ამ სიაში არ ეწერა. ამიტომ ამოვარჩიეთ ღობე. ღობე! აი მივედით კვანძამდე! პროექტის ძეგლების რესტავრაციის დასრულებული სახის მისაცემად, ვიცით, რომ საბოლოოდ საჭიროა გალავანი, სამეზობლო ღობის მოწესრიგების და ესთეტურობის გამო. ამიტომ, მთავრობის ამ შემოთავაზებული სიიდან ავარჩიეთ - ღობე.
გალავნის აშენება წინასწარ, ძეგლების რესტავრაციამდე (აქ მთელი ამბებია, მთავარი გაუგებრობების მთელი ჯაჭვი!) უპრიანი იქნებოდა სხვადასხვა საკითხების გამო. მაგ:  ხელოსანი უკვე გაივარჯიშებდა კედლის ქვების წყობის მოფიქრებასა და ამოყვანაში, რომელიც მერე თავად ძეგლზე იქნებოდა გამოყენებული, შეირჩეოდა მასალა და შეიკვრებოდა სამუშაო ჯგუფი. ცუდია? პატარა საქმეა?
მაგრამ რა ვიცოდით, რომ გალავანი და ღობე საქართველოში ერთმანეთს გამორიცხავენ? რა ვიცოდით, რომ კონკრეტული შემთხვევის უგულველყოფა იქნებოდა? რა ვიცოდით, რომ ადგილზე გამეფებულია “რასაც გვეტვიან, იმას…” (-ვიზავთ)? რა ვიცოდით, რომ ჩემი და ერთი არაჩვეულებრივი ადამიანის აქამომდელი შრომა (ეს იმათგანია, სიტყვები რომ ესმის და პაროლებსაც რომ შიფრავს) ფუჭად დროის ხარჯვა იყო? რომ თურმე წესით ხარაჩოც კი შეიძლებოდა, რომ გვქონოდა, მაგრამ ვერავინ ვერ გაიგო როგორ დაეწერათ ფურცელზე? ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ტელეფონებში სიტყვები იქვე კვდებიან, დაწერილი კი ფარატინა ფურცელზე რჩება და რა ვიცოდით, რომ არაფერი არ ჭრის, როცა სიტყვები სიტყვებად აღარ არიან, არამედ, მხოლოდ ბგერების ხმაურია? რა ვიცოდით, რომ აღარ ვიცით ადამიანის არსი, რომელიც მისი კომუნიკაციის უნარით განისაზღვრება? საერთოდ გვახსოვს, თუ ოდესმე რაიმე ვიცოდით?
აი ფინალიც: ვინც აქამდე არ იცოდა, ახლა იცოდეს: ღობე არ არის გალავანი და არც შეიძლება რომ იყოს. ვისაც მოდავება მოუნდება: ღობე და გალავნის სხვაობა -საერთოზეა საუბარი. ღობეს და გალავანს გააჩნიათ ერთი საერთო ნიშან-თვისება: ეს არის მიჯნის აღნიშვნის სხვადასხვა ფორმა გამოხატული მასალაში. ეს ლექსიკონში არ ამიმიკითხავს, მაგრამ ჩემი ქართულის ცოდნით ასეა.
ბოლოს სცენა: აღნიშნულ ადგილმდებარეობას ამჟამად ერტყმება ღობე მავთულისაგან, რომელშიც იმდენი თანხა იხარჯება, რაც დაიხარჯებოდა მომავალში გამოსადეგი და საჭირო გალავნისათვის. თუ პროექტი გაგრძელდა (აქ მთელი ამბებია და ახლა ამას გამოვტოვებ) დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, ეს ღობე მოიხსნება დაახლ. 2 კვირაში და მისგან სარგებელი მხოლოდ ის იქნება, რომ დროებით სამშენებლო ღობედ გადაკეთდება. რაღაც ახლა ღობეც შემეცოდა...! თავად ღობეც და სიტყვა ღობეც.
სანამ ფარდა დაიხურება, - ბოლო რეპლიკა, - ამ ღობის გაკეთების ფული გადაყრილილია. ახლა თუ გინდ მომჭერით თავი! მართლაც უკვე სულერთია…დგლაც.
 გადიან, ფარდა. ტაში.
10.08.2013
ამ არასაჭირო შემთხვევაში შესრულების ტემპებიც დამაკმაყოფილებელი იყო.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen