Sonntag, 16. Januar 2011


იან შტორმერის პირველი ესკიზი. ქუთაისის მუზეუმი. ფასადის დამუშავების გარეშე.


“ქუთაისი ქა-ლა-ქი-ა, ინდუსტიის მშენებელი...”……
რისთვის გვჭირდება ქართული მოდერნის მუზეუმი.


მარიკა ლაფაური-ბურკი


ქუთაისს ქართული ურბანული განვითარების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. “მეცხრამეტე საუკუნის ქუთაისი ეს არის ისტორიის უცნაური ნასკვი, ამ მშვენიერი ადგილის მოულოდნელი დაბრუნება ხმელთაშუაზღვისპირეთში,” –აღნიშნავს აკა მორჩილაძე, რითაც ის საქართველოს ისტორიაში, ევროპული განვითარებისათვის ქუთაისის როლის განსაკუთრებულობას უსმევს ხაზს.
“ქართული ნაციონალური კულტურის განვითარების ისტორიაში ქუთაისის როლი, (...) როგორც ქვეყნის იდეური და სულიერი ცხოვრების ცენტრისა, განსაკუთრებითული შესწავლის ღირსია.” წერს პავლე ხუჭუა.1950) მუსიკისმცოდნე პავლე ხუჭუას ეს სიტყვები მუსიკის ისტორიის მნიშვნელოვანმა ფურცლებმა ათქმევინა, მაგრამ რომელ დარგსაც არ უნდა გადავხედოთ, მხატვრობა, თეატრი, ლიტარატურა, მეცნიერება, ინდუსტრია, ხელოსნობა, თუ სხვ. ქუთაისი არის ამ პერიოდის საქართველოს კულტურული დედაქალაქი და სულიერი საზრდოს მიმწოდებელი. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქუთაისში ჩამოყალიბებულმა სულიერებამ „დედაქალაქში გასწია“, რომ აქედან მთელს საქართველოში დაემკვიდრებინა თავი. მათ კიდევაც შეიტანეს მთლიანი საქართველოს მასშტაბით დიდი წვლილი, მაგრამ გასაბჭოების შემდეგ განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა ის საოცარი საზოგადოებრივი ერთიანობა დაშალა და მიმოფანტა.
სტატიის ფარგლებში სახელების ჩამოთვლასაც კი ვერ აუვალთ იმ მოღვაწეებისა, რომლებმაც საუკუნეების მიჯნაზე საქართველო კიდევ ერთხელ თავის შრომითა და ენთუზიაზმით გადაარჩინა. დღევანდელ ჩვენს არსებობას, მხოლოდ ამ პერიოდის მოკლე გამობრწყინებას უნდა ვუმადლოდეთ.
ამ პერიოდში შეიქმნა გარემო, სადაც შესაძლებელია - ერთი გენიალური ქუთაისელის, დიმიტრი უზნაძის ენით რომ ვთქვათ “..პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა...” (დ.უზნაძე, “სინათლის” სასწავლებლის ანგარიში. 1916)
გავიხსენოთ თუნდაც ქუთაისის სამოქალაქო საქველმოქმედო აქტივობებიდან ერთერთი, -“გვირილობის დღე”, რომლის აღდგენის მცდელობები დღესაც არის, ისევე როგორც ეს 60-იან წლებშიც სცადეს. ეს მაგალითიც ხდის თვალსაჩინოდ, - როდესაც შინაარსის ხდება ხელოვნურად ჩანაცვლება ხდება (60-იან წლებში საბჭოთა კონცეფციით, და გასულ წელს კი რეტრო-ივენტის სახით) ის დიდად ვერაფრის შემატებს საზოგადოებას. მსგავსი ზერელე შეთავაზებებით საზოგადოებას მხოლოდ დეკორატიულ კულისების სტატისტებად ვიყენებთ, ხოლო ამ უკანასკნელს კი რელიგიით სიმშვიდის მოპოვების გარდა არჩევანიც არ რჩება.
ან გავიხსენოთ ქუთაისში სააღდგომო პასკის ცხობის ტრადიცია, რომელზედაც ვერა გვანცელაძე- ჯიქიას მოგონებებშია მოთხრობილი (“მოგონებანი გარდასულ დღეთა” 1995). ქუთაისის დიასახლისებს მიჰქონდათ პროდუქტები საცხობში და იქ ერთად ცხვებოდა პასკა, რიგის მიხედვით.) მსგავსი ტრადიციები მაგალითად გერმანიაში (სოფლის მცირე საწარმოები, საცხობი, წვენების, ხელოსნობის თუ სხვ.) შესანიშნავად არის ორგანიზირებული, რაც საქართველოს პირობებში მიმზიდველი უნდა იყოს. მსგავსი თვითორგანიზირებული საწარმოები, რომელსაც ხელისუფლება ხელს უწყობს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკოლოგიური, ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ზრდის სოციალურ და სამოქალაქო თვითშეგნებას. ამ მოდელზე ჩვენ ერთ პილოტ-პროექტში ვწერდით და საამისოდ კახეთის ერთერთ სოფელში საზოგადოება დავაარსეთ, მაგრამ მაშინდელ ეტაპზე მან ადგილობრივების ენთუზიაზმის მიუხედავად ყურადღება ვერ დაიმსახურა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში უამრავი მსგავსი ინიციატივა არსებობდა, რაშიც ქუთაისის როლი კვლავ გამორჩეულია. ჩვენი აზრით ქუთაისში სწორედ ამიტომ მოიყარა თავი, კვლავ აკა მორჩილაძის ენით, რომ ვთქვათ, “გამოინასკვა” კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიური განვითარების ეს მნიშვნელოვანი თანხვედრები, რადგან ამ დროს სხვადასხვა დარგში ერთდროულად მოღვაწეობდნენ ენთუზიასტი ადამიანები, რომლებიც თავისი საქმიანობით ერთ მთლიან კონცეფციას ემსახურებოდნენ. “მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარშიც თუკი რაიმეს შეეძლო კვდომის ინერციის შეჩერება და არსებობის ნების გაღვიძება, ეს იყო სწორედ, ერთი შეხედვით, თითქოს და ბანალური რამ: მართლად და პატიოსნად აზროვნებისა და თვითირონიის უნარი“. (ზაზა ფირალიშვილი. „ილია: ისტორიული კონტექტსი და პიროვნება“) - და ასეთი ადამიანები თითქოს რომელიღაც კეთილი ჯადოქრის მეშვეობით ერთდროულად ერთ ტერიტორიაზე იყრიან თავს. მხოლოდ ასეთი ინტენსიურობით, ადამიანური რესურსის კონცენტრირებით იქნა შესაძლებელი კიდევ ერთხელ დაღუპვის პირას მისული საქართველოსთვის იმ სულის შთაბერვა, რამაც დღემდე მოგვატანინა.
ალბათ შემთხვევითი არაა, რომ ეს ქუთაისში ხდება. რაც არ უნდა გვესიმპათიურებოდეს ასეთი „კეთილი ჯადოქრის“ გამოჩენის შესაძლებლობა, დარწმუნებული ვართ, რომ ისტორიკოსები ინტერდისციპლინალური კვლევით მეცნიერულადაც დაასაბუთებდნენ ამ მოსაზრებას.
ჩვენი სტატიის ძირითადი სათქმელი ქუთაისის მუზეუმია. სანამ თხრობას გავაგრძელებთ, მუსიკის ენაზე, „ნახევკადენციის“ სახით რომ ვთქვათ, ვიტყოდი, რომ ასეთი „კეთილი ჯადოქარი“, რომელმაც იცის, სად და რა გააცოცხლოს ქუთაისი მუზეუმი შეიძლება იყოს, რომელსაც ჩვენ თვითონვე შევქმნიდით.
დღევნდელი საქართველოს პოლიტიკური ბატალიების ფონზე, ვერ ხერხდება სწორედ ასეთი ინტელექტუალური რესურსების კონტრეტაცია, როგორსაც საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ჰქონდა ადგილი. საზოგადოების აქტივობის პოტენციალის გაფლანგვა დიდი პასუხისმგებლობაა და სამწუხაროა, რომ დღევანდელ საქართველოში მყოფი და ასევე უკვე მთელ მსოფლიოში გაბნეული ქართველი სპეციალისტების ადამიანური რესურსისათვის ვერ მოიძებნა ის შემკვრელი „ნასკვი“, რომელზედაც სტატიის დასაწყისში აკა მორჩილაძის ციტატაშია მოყვანილი.
„...პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანათებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იბრძვის. დიდი საქმეები კი აგვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება... ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესტან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით (...) უინიციატივობაა, რომ ჩვენი ცხოვრება ერთხელ აჩემებული დახავსებული კალაპოტიდან ვერ დაუძრავს და მამა-პაპური გზით მიმართულებისათვის კალაპოტი ვერ შეუცვლია. ახალი საქმე მუდამ ეჭვებსა და შიშს აღგვიძრავს, მუდამ უიმედონი და უილაჯონი გამოვიყურებით. ახალი საქმით გატაცება ახალგაზრდულ გატაცებად მიგვაჩნია და მას მუდამ ირონიული უნდობლობით შევცქერით. ეჭვი არ არის, რომ ეს ერთადერთი თუ არა, ერთერთი ძლიერი მიზეზთაგანი მაინც არის მისი, რომ ჩვენი ჩვენი სინამდვილის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტშიც კი გულხელდაკრეფილი ვრჩებით, არ ვიცით რა ვქნათ... ეჭვი არ არის უინიციატივობა და გამბედაობის უქონლობა ქართველი ხალხის ჩამოქვეითების და გადაგვარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად უნდა ჩაითვალოს“ (დიმიტრი უზნაძე „სინათლის“ სასწავლებლის ანგარიში. 1916) – წერს დიმიტრი უზნაძე.
ასეთი და მსგავსი შინაარსის საქართველოს საზოგადოების დახასიათებები და აღწერილობები გვხვდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორიების სხვადასხვა პერიოდის ტექსტებში. თუ ეს ქართული საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანი ყოფილა, მაშ რა არის ის ფენომენი, რამაც საუკუნეების მანძილზე ასეთი მაღალი კულტურა შექმნა საქართველოში? ამის საპასუხოდ ფრთიან გამოთქმად გავრცელებული „ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები“ ნამდვილად არ გამოგვადგება. იქნებ ის თავისუფალი გარემო, სადაც ყველა ეროვნებისა თუ რელიგიის მიმდევარი საქართველოში შეიგრძნობდა? როგორ უნდა ვაქციოთ ასეთი თავისუფალი გარემო იმდენად შემოქმედებითად, რომ მსგავსი დახასიათების მიუხედავად, ერი და საზოგადოება სიცოცხლისუნარიანი იყოს? როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფორმირება თანამედროვე სამყაროში, სადაც საქართველო მაშინდელი მსგავსი მასშტაბების ავანგარდული იმპულსებით, თანამედროვე მსოფლიოს თავის სათქმელს ეტყვის? ერთერთი პასუხი ალბათ თავად საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი პერიოდის ღრმად გააზრებაშია. უცნაურია, რომ საქართველოს ფართო საზოგადოებას ეს პერიოდი, ქართული მოდერნი, (ასევე მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობა) ბევრად ნაკლებად აქვს ცნობიერებაში აღბეჭდილი, ვიდრე მისი შორეული წარსული. ვსაუბრობთ მოდერნულობაზე და მას კრიტიკულად წინ შუა საუკუნეებს ვუყენებთ, რითაც თავად სურვილს და დისკუსიას მოდერნიზებისათვის მცდარ კალაპოტში ვაყენებთ.

ბოლო ხანებში უფრო და უფრო ხშირად გაისმის დისკუსიები ქართული იდენტობის შესახებ. უახლესი ისტორიის კატაკლიზმებმა (ვგულისხმობ ასევე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს, სხვადასხვა მოვლენებთან ერთად) კიდევ ერთხელ მოგვისროლა ისტორიის მსვლელობის იმ გაურკვევლობაში, საიდანაც თავის დახსნა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, თითოეული მოქალაქის ნებისყოფის შედეგი უნდა იყოს. რა უნდა იყოს მოქალაქეთა ასეთი აქტიურობის მოტივაცია? ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არსებობს, რომელსაც მხოლოდ თავსმოხვეული რეფორმებით ვერ ვუპასუხებთ. პასუხის ცუდად გაცემის უფელბა კი ჩვენ არ გვაქვს. საამისო ფუფუნება საქართველოს არ გააჩნია. დღევანდელ გარდამავალ პერიოდში, სადაც მთლიანად მსოფლიოს ისტორიაა ბურუსით მოცული, ჩვენ ყოველი იმპულსი თუნდაც რისკიანი, ჯანსაღ ნიადაგზე უნდა იდგეს სწორედ ისე, როგორც ეს იმ სავალალო დროს, საუკუნეების მიჯნაზე, ქუთაისიდან გავრცელდა მთელ საქართველოში.
ქუთაისის მუზეუმი უნდა იყოს გამორჩეული ქართულ სამუზეუმო ლანდშაფტში. მას ერთერთი უმდიდრესი კოლექცია გააჩნია, რომლითაც ნებისმიერი ევროპული მეტროპოლია იამაყებდა. მუზეუმის ექსპონატები ისტორიულ ჭრილშიც შთამბეჭდავია, - აქ პალეოლითიდან უახლეს ისტორიამდე არის მასალა თავმოყრილი. ამ სტატიაში გვინდა მკითხველს რამოდენიმე მოსაზრება გავუზიაროთ.
ჩვენი აზრით ქუთაისის მუზეუმის მთავარი შინაარსობრივი პროფილი უნდა იყოს საუკუნეების მიჯნა, ურბანიზაციის განვითარება საქართველოში, ქართული მოდერნი, ინდურსტრიის განვითარება საბჭოთა დროის ჩათვლით, რაც არანაკლებ საინტერესოა როგორც სამუზეუმო მასალა (სხვათაშორის როდესაც ტურიზმზე ვსაუბრობთ, უახლესი ისტორიის ექსპოზიცია ვეროპელებისათვის დიდ ინტერესს წარმოადგენს) და საბჭოთა პერიოდის გააზრებას შეუწყობდა ხელს. საამისოდ ქუთაისი ისევ და ისევ გამორჩეულ შინაარსობრივ მასალას გვთავაზობს.
ამ თემების სათანადოთ გაშლა, გონივრული და გემოვნებიანი ექსოპოზიციები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, როდესაც, ამ მუზეუმის მრავალმხრივი უნიკალური კოლექციებიდან, დაწყებული პალეონტოლოგიით, ცივილიზაციის და კულტურის განვითარების უწყვეტობას საქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე ეპოქამდე ბუნებრივად წარმოვადგენდით. უწყვეტი კულტურული განვითარების ხაზი, ქუთაისის რეგიონალური მახასიათებლების წარმოჩენა, (რამაც ის უნდა განასხვავოს საქართველოს სხვა მუზეუმებიდან) მასშტაბური მუდმივი ექსპოზიციით საუკუნეების მიჯნის საქართველოსი, შემდგომ, საბჭოთა ინდუსტრიული და ქალაქური ცხოვრების პერიოდი, 60-70-იანი წლების საინტერესო, ასევე საყოფაცხოვრებო მასალის ჩვენება, ჩვენი აზრით ქუთაისის მუზეუმს სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს მიანიჭებს.
ისეთი სამუზეუმო პორტრეტების შექმნით, როგორიც მაგალითად არის დიმიტრი ყიფიანი, წარმოჩინდება არა მხოლოდ მისი, როგორც მოღვაწე, არამედ რუსეთის იმპერიის სახეც საქართველოში. ამგვარ მასალებს, დარწმუნებული ვართ, გონივრულად შერჩეული ექსპოზიციით, რუსული ოკუპაციის ასახვა შთამბეჭდავად შეუძლია. ან, მიტროფანე ლაღიძე და ინდუსტრიის განვითარების სხვა შესანიშნავი მოღვაწეები (პეტრე კოკოჩაშვილი, სტეფანე თუმანიშვილი, ფირალიშვილის, მეფისაშვილის თამბაქოს წარმოება თუ მრავალი სხვ. რომელთა ჩამოთვლასაც კი სტატიის ფორმატი ვერ დაიტევს.), ხელოსნობის განვითარება, ქართული მუსიკის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, კათოლიკების ისტორია, ქუთაისელი ებრაელების ადგილი ქალაქის ცხოვრებაში და მრავალი სხვა საინტერესო თემები. ამ ცალკეული თემების დამუშავებაში, მათ საექპოზიციოდ მომზადებისთვის საინტერესო პარტნიორების მოძებნა სრულიად რეალურად მიგვაჩნია, რაზედაც ქუთაისის მუზეუმის პროექტის ავტორ იან შტორმერთან (იხ. ქვემოთ) და ქართველ პარტნიორებთან ერთად არაერთხელ გვისაუბრია.
თავისი ასეთი პროფილით, კიდევაც მეტი, - მუზეუმის სივრცეში ინტეგრირებული დროებითი საგამოფენო დარბაზის შინაარსობრივი კონცეფციაც, თანამედროვე ხელოვნებას უნდა ემსახურებოდეს.
ასევე განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს უნიკალურ ფოტო კოლექციას, რაც ქუთაისის მუზეუმის ფონდში არის დაცული. (კოლექციების მდფგომარეობაზე ჩვენ ამ წერილში ვერ ვისაუბრებთ).
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მუზეუმის კონცეფციის სახით, ქუთაისს ის ავანგარდული სული დავუბრუნოთ, რომელიც მასში უთუოდ დღემდე არსებობს. ამის ნიშნად და გამოვლინებად შეგვიძლია ქუთაისის ალტერნატიული როკის სცენის არსებობა ჩავთვალოთ, რომელიც
თბილისისა და დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებით ერთაერთი ღირებულია ამ სფეროში.
საქართველოს ხელისუფლებამ სწორი მიმართულებით იწყო სვლა, როდესაც მან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ინსტიტუციების გადანაწილება გადაწყვიტა. ქუთაისს განსაკუთრებილი როლი მიენიჭა და მისი აღმშენებლობაც ჩქარი ტემპით მიმდინარეობს. საზოგადოების ნაწილი (რომელსაც მე საკუთარ თავსაც მივაკუთვნებ) შეშფოთებით უცქერის აღმშენებლობის იმ კონცეფციას, რომელიც ქალაქის არქიტექტურულ ნაწილს შეეხება, განსაკუთრებით მის მთავარი მოედნს, რომელიც ქუთაისის ცხოვრების ცოცხალ სურათს წარმოადგეს.
ნუთუ ქუთაისს მთელი თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უნიკალური ავანგარდული სულით ის დაუმსახურებია, რომ მისი იმპოზანტურობა ვენის თუ რომელიღაც ევროპული თეატრის შენობის ასლით შეამკონ? უაღრესად მტკივნეულია, რომ ეს პროექტები საქართველოში კარგი რეპუტაციის მქონე არქიტექტორების ნამუშევრია. ამ შემთხვევაში, სიტყვა “ნამუშევარი” უხერხულიც არის ოცხელის და გამრეკელის ქალაქში. ქუთაისი ცოდოა საიმისოდ, რომ ის რომელიმე, თუნდაც ძალიან ცნობილი და ლამაზი ევროპული ქალაქის განმეორებად იქცეს. არქიტექტურა არის პირველ რიგში ეპოქის განმსაზღველი ხელოვნება, რომელიც ხშირად წინ უსწრებს თავისი გამომსახველობით და შინაარსით მომავალ შემოქმედებას.
„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი სასიცოცხლო ხარისხისათვის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს აშენებულ გარემოს მიუძღვის. ჩვენ არ ვცნობთ არანაირ გამოსახვის კანონებს, არანაირი მასალის წინაწარ უპირატესობებს. ჩვენი არქიტექტურა აღმოცენდება კონტექსტიდან და შინაარსიდან, რომელიც იმ ადგილას მყოფი ადამიანების და ადგილისთვისაა. ამდენად არც ერთი შენობა არ მეორდება.“ – წერს ცნობილი არქიტექტორი იან შტორმერი, ვისზედაც ამ სტატიაში გვინდა მოგითხროთ. შტორმერის ეს არქიტექტურული ფილოსოფია მრავალ სპეციალურ გამოცემებშია ციტირებული.
არქიტექტურა საზოგადოების კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთ ქვეყანაში არქიტექტურა სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიზნად არის დასახული, როგორც ეს მაგალითად 1977 წლიდან საფრანგეთშია და 1998 წლიდან ფინეთის სახელმწიფო დოკუმენტებშია ასახული.
არქიტექტურა მის ესთეტურ თუ გამოყენებით მნიშვნელობასთან ერთად, ყოველთვის პოლიტიკური ძალაუფლების ან მისი სამომავლო კურსის ამსახველი იყო. თანამედროვე პოლიტიკურ და ხელოვნების მეცნიერებებში დღეს ცალკე საგანი,- პოლიტიკური არქიტექტურა - უკვე არსებობს. ჩვენთვის გაუგებარია საქართველოს პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ერთდროულად ისეთ ავანგარდულ ძეგლს აღმართავს, როგორიცაა თამარ კვესიტაძის ინსტალაცია-ქანდაკება ბათუმში, (აქ საუბარია ძეგლის დადგმის გადაწყვეტილებაზე და არა თავად ძეგლის მხატვრულ ღირებულებაზე) და ამავ დროულად ისეთ არქიტექტურას უდებს სათავეს, როგორც ეს ქუთაისში ვითარდება, ამ ქართული მოდერნის და ავანგარდის აკვანში. მსგავსი გადაწყვეტილებები რბილად რომ ვთქვათ დამაბნეველია. ბათუმი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ისტორიული ქალაქის განლაგებით, იმ სივრცით, რომელიც მას გააჩნია ბევრად “ადვილად აიტანს” კონცეპტუალურ მრავალფეროვნებას, ვიდრე ეს ქუთაისში შეიძლება იყოს. თუ ჩვენ თავად არ გვძალუძს ქუთაისის კულტურული სულიერების რეფლექტირება, მაშინ რა შინაარსი უნდა ჰქონდეს ქალაქის აღმშენებლობას?
ქუთაისის მუზეუმის არსებული შენობის რეკონსტრუქციასა და ახალი შენობის მშენებლობისათვის 2007-2008 წლის დასაწყისში დაიწყო საუბრები. არქიტექტორად მოწვეული იქნა მსოფლიოს ისეთი ვარკვლავი, როგორიც იან შტორმერია. იან შტორმერის რეგალიების და ჯილდოების გრძელ სიას ამ სტატიაში სამწუხაროდ ვერ ჩამოვთვლით. მისი კომპანიის მუშაობა ინტერნაციონალურ პრესაში შეფასებული იყო, როგორც ვიზიონერული ხედვა მომავლის არქიტექტურისადმი დევიზით: „არაა სტილი, არაა სილამაზე“.
იან შტორმერის ერთერთი პროფილია მუზეუმების დაპროექტება. ასეთი რანგის არქიტექტორის მოწვევა ნოკოლოზ ვაჩეიშვილის დამსახურებაა, რაც თავისთავად მისასალმებელია. ჩვენი აზრით, იან შტორმერის მოწვევა ამ პროექტისათვის არა მარტო, მისი როგორც სპეციელისტის მაღალი კვალიფიკაციის გამო არის მნიშვნელოვანი, არამედ ის თანმხლები მოვლენები, რაც მის სახელთან არის დაკავშირებული.: შტორმერი გერმანიაში ერთერთი გავლენიანი და მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ინტერნაციონალური მასშტაბით მიწვეულია სხვადასხვა ფორუმებზე და ლექციებზე. პროექტის მსვლელობის დროს, გერმანიაში, მისი ინიციატივით მოხდა კონცენტრაცია სხვადასხვა დიდი ინსტიტუციებისა და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, - გერმანიის მუზეუმებთან, მეცენებთან, კულტურის სენატორთან გაიმართა, რომელიც ეხებოდა მუზეუმის პროექტის პარალელურად, ქუთაისის მასალებით ქართული მოდერნის მასშტაბური გამოფენის მომზადებას, საქართველოს მეგობართა ჯგუფის დაარსებას და სხვ. პროექტის მსვლელობას აგვისტოს ომმაც “მოუსწრო” და აქ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა გერმანიაში ასეთი პიროვნების ჩართულობის მნიშვნელობა პროექტში, - ამ პერიოდიდან დღემდეც კი, მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ჩატარებულა ისე, რომ მას ქართულ-რუსული ომის შესახებ არ ესაუბროს. იმ ინფორმაციულ ომში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ტარდებოდა და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება, იან შტორმერის სახით საქართველომ შეიძინა დიდი მეგობარი და ერთდგვარი “კულტურის ელჩი” დასავლეთში. გადაჭარბების გარეშე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ეს ასპექტი პროექტთან ერთად, საქართველოსთვის ძვირფასი და დასაფასებელი უნდა იყოს. ეს არის ის, რაც ვერანაირი ჰორორარით ვერ ანაზღაურდება. ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ ამ პოტენციალის მნიშვნელობა, განსაკუთრებით, როცა ფონად არსებული გერმანიის სპეციფიური საერთაშორისო ინტერესებია, რაც საქართველოსთვის ინტერესების იდენტური არ არის. ჰამბურგი გერმანიის მედიისათვის მნიშვნელოვანი ქალაქია. აქ ასევე აქტიურად მოღვაწეობს, საქართველოში უკვე ყველასათვის ცნობილი პროფ. ლუხტენჰანდტი, (ტალიავინის კომისიის წევრი, რომელიც უკვე ბევრი წლებია საქართველოს კონფლიქტური რეგიონების თემებზე “მუშაობს”. ამაზე იხ. ჩვენი წერილები)
იან შტორმერის შეთავაზებებში მონაწილეობას ღებულობდა ასევე ევროპის ერთერთი ყველაზე დიდი ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია კავკასიის თემების საკუთარი ინტერპრეტაციებით. (მაგ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნები. იხ. ჩვენი წერილები. )
შეგვიძლია გადაუჭარბებლად ვთქვათ, რომ იან შტორმერის პროექტში მონაწილეობა გერმანია-საქართველოს ურთიერთობებისთვის - მნიშვნელოვანია. ”მუზეუმის შენობა, ჩვენი შეხედულებით, ისეთი არქიტექტურა უნდა იყოს, რომელიც მის შინაარსს უნდა ემსახურებოდეს და არა ფორმალისტური ან საკუთარი თავის ჩვენებით იყოს მანიფესტირებული. ქუთაისი კარგად შემორჩენილი თავისი მთლიანი სტრუქტურით, წამოადგენს განსაკუთრებულობას, რომელის ხარისხი დაცული უნდა იყოს. ქალაქის გენერალური გეგმა აწესრიგებს შენობების სიმაღლეს, მასალას, ძეგლების დაცვას და ა.შ. განსაკუთრებით განსაზღვრავს მომავალ ახალ მშენებლობებს...“ აღნიშნავს იან შტორმერი თავის განმარტებებში მეორე ესკიზისათვის, რომელიც 2008 წლის 3 აპრილს კულტურის სამინისტროში იქნა წარმოდგენილი.

ყველას კარგად მოგვეხსენება, ისტორიული და არქეოლოგიური მასალა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში უხვად არის მოპოვებული და რაიონულ მუზეუმებში მოთავსებული. საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მუზეუმები თავისი კოლექციებით ხშირად ტოლს არ უდებენ ევროპის მოზრდილი ქალაქების კოლექციებს. აქედან გამომდინარე მუზეუმებმა ერთმანეთს კონკურენცია არ უნდა გაუწიონ, თუ ჩვენ გრძელვადიანი ხედვით, ტურიზმის, განათლების და სხვ. ასპქტებით ვიხელმძღვანელებთ. ფოთის, ბათუმის შესანიშნავი კოლექციების მაგვარი ექსპოზიციები ქუთაისში განმეორებებს არ საჭიროებს. არსებული კოლექციების მდგომარეობის შესახებ საუბარი ჩვენი სტატიის მიზანს არ წარმოადგენს.
ტურიზმის განვითარებაზე საუბრისას, მუზეუმების თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლება, შენობებისათვის განსაკუთრებული ადგილობრივი და შინაარსიდან გამომდინარე არქიტექტურული გადაწყვეტილების მოძებნა, მუზეუმებთან ინტეგრირებული პედაგოგიურ-საგანმანათლებლო განყოფილებების ამოქმედება, რაიონებში მისი განათლების სისტემაში აქტიურად ჩართვა, - საინტერესო პერსპექტივებია, რომელიც არა მხოლოდ ტურისტებისთვის იქნება გათვლილი, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულ-საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრებად იქცევა.
”მუზეუმის შენობა, ჩვენი შეხედულებით, ისეთი არქიტექტურა უნდა იყოს, რომელიც მის შინაარსს უნდა ემსახურებოდეს და არა ფორმალისტური ან საკუთარი თავის ჩვენებით იყოს მანიფესტირებული.“ (ი. შტორმერის კონცეფცია) “...არქიტექტორისათვის, ეს უძველესი ევროპული კულტურის საწყისები, რაც საქართველოში არსებობს და ამ მუზეუმშია წარმოდგენილი არის ის highlight, რაზეც ის ოცნობებს, მაგრამ მე შორს ვარ იმ დამოკიდებულკებისაგან, რომ ისეთ უძველეს ქალქაში, როგორიც ქუთაისია საქართველოში, რაიმე ეგოისტური სოლიტერი გამოვძერწო, რომელიც თითქოსდა კოსმოსიდან ჩამოფრინდა აქ.“ (ინტერვიუ გერმანული ჟურნალისთვის. ივნისი 2008)
იან შტორმერმა კარგად იცის მუზეუმის დაპროექტების სპეციფიკა (მაგ: გერმანიშე მუზეუმ ნიურბერგში). ის დაპროექტების პირველი დღიდანვე ცდილობდა პარტნიორების დარწმუნებას, რომ მხოლოდ მუზეუმის შინაარსის შესწავლასთან ერთად უნდა მოხდეს პროექტირება. მუშაობაც თავიდან ამ მიმართულებით წარიმართა. შტორმერის დაგეგმარების ერთერთი საინტერესო გადაწყვეტა იყო, მუზეუმის არქივის თემა. „...თვით შენობა გააზრებულად არის ისეთი ნეოკლასიცისტური, სვეტებიანი და ორნამენტებიანი შენობებისაგან განსხვავებულად, როგორიცა ქუთაისის ოპერა. (აქ იან შტორმერისათვის 2008 წლის მდგომარეობაა ასახული. ავტ.) მუზეუმის ფასადიც შეიძენს ნიშებსა და პროფილებს, როგორსაც საქართველოში გავრცელებულ შენობებში ვხვდებით, მაგრამ მთავარი ხასიათი საუნჯის დაცვისა (სეიფი, საცავი) არ უნდა დაიკარგოს....“ წერს თავის კონცეფციაში იან შტორმერი ქუთაისი მუზეუმთან დაკავშირებით.
როგორც ავღნიშნეთ, შტორმერს ამ სფეროში (არქივი, მუზეუმი) საინტერესო პროექტები აქვს განხორციელებული. ქუთაისში ის გვთავაზობს ე.წ. „კოლექციების ღია დეპოს“ იდეას, რომელიც მთელი მუზეუმის (არა საბოლოო ვერსიით) ფართობზე შუშის კედლის მიღმა თაროებზე განლაგდებოდა, სადაც მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლები, დამთვალიერებლის თვალწინ იმუშავებდა. ამ კონცეფციას არა მარტო საინტერესო „აქტიური შინაარსი“ აქვს, არამედ შენობის განლაგებისა და მოქმედებისათვის ეკონომიურიც არის. აი, რას წერს თავად ავტორი ამ იდეის შესახებ: „საჩვენებელი საცავი“ მკვეთრად ამცირებს საარქივო ფართობს. ობიექტების შეფუთვა საჭირო არაა, მიუხედავად ამისა ისინი თაროებზე დაცულნი აწყვია. (...) დამთვალიერებელს საშუალება აქვს შემჭიდროვებულ ფორმაში ისტორიის ამ სიმდიდრის თანაზიარი გახდეს. შესაძლებელია საცავის ცალკეული ერთეულები საგამოფენო სპეციალურ "კარადებში" დარბაზებშიც იყოს განთავსებული.“
შტორმერი ასეთი სახით გვთავაზობდა მუზეუმის ისეთ კონცეფციას, რომელიც სწორედ ქუთაისისთვის, მისი კოლექციიდან, ასევე ქალაქის ხასიათიდან გამომდინარე უაღრესად საინტერესოა, გახსნილია, დამაინტრიგებელი და რაც მთავარია, როგორც ავტორი ამბობს, - ეს „მომავლის მუზეუმია!“
პროექტის არქიტექტურულ ნაწილზე მუშაობა დღეისათვის შეჩერებულია, რაც ერთი მხრივ ძალიან დასანანია, მაგრამ მეორე მხრივ ასეთი თანამედროვე და შესანიშნავად გააზრებული პროექტი, რომელიც შტორმერმა წარმოადგინა ავტორისეული კონცეფიით შენარჩუნებული და ბოლომდე მიყვანილი უნდა იქნას. ჩვენ პროექტის დროებით შეჩერებას ვემხრობით, ვიდრე მის ისეთი სახით ცვლილებას, რომელსაც არც ქუთაისი, არც საქართველო არ იმსახურებს და რაღა თქმა უნდა, არც შტორმერის ნამუშევარი, რომელიც წესით და რიგით საქართველოში არქიტექტურის ერთერთი საინტერესო განაცხადი იქნებოდა ინტერნაციონალური მასშტაბით.
ჩვენი ინფორმაციით, მუზეუმის კოლექციების შესწავლა, მის შინაარსობრივ კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება და ჩვენი სტატიით გვინდოდა მუზეუმის ამ აღნიშნული პერიოდის პოტენციალზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენი ღრმა რწმენით ასეთი სახის ექსპოზიცია, - საქართველოს მოდერნი და ურბანიზაციის ისტორია, მუდმივი გამოფენის სახით მხოლოდ ქუთაისშია წარმოსადგენი. ვფიქრობთ ეს პროფილი და აქცენტები დიდი შენაძენი იქნება საქართველოს საზოგადოებისათვის.

გვინდა პროექტის ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვოთ.


იანვარი, 2011.

სტატიის შემოკლებული ვერსია დაიბეჭდა ქუთაისში 21.02.2011
http://www.psnews.info/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=1464

და

გაზეთ 24 საათში 22.02.2011
http://24saati.ge/index.php/category/opinion/2011-02-19/14210

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen